вторник, 30 марта 2010 г.

ნიაზ დიასამიძეს იხსენებენ

გიგი კეშელავა

50 _ იანი წლები. ავთო ვარაზის სახელოსნო, რომელიც ამასთანავე ავთოსა და მისი მეუღლის საცხოვრებელ ბინასაც წარმოადგენდა (სხვათა შორის, ამ ბინასახელოსნოში გაგრძელდა ხაზი ქართული პრობლემატური და აბსტრაქტული ხელოვნებისა, რომლის მესვეურიც დავით კაკაბაძე გახლდათ). აქ, ამ სახელოსნოს ერთ_ერთ კედელზე, სულ მალე დაიკიდებნა ავთოსავე შარვლით გაკეთებული ხარის თავი (ოპარდი), რომელიც მალე "გუკენჰეიმის" მუზეუმში დაიდებს ბინას. (ეს ერთადერთი ქმნილებაა ამ მუზეუმში წარმოდგენილი ქართველ მხატვართა ნამუშევრებიდან).
გვიანი ღამეა. ახალ წლამდე ერთი საათიღა რჩება. ჭადრაკის მაგიდას ვუსხედვართ: ნიაზი (იგი თამადაა), ავთო ვარაზი, ალბერტ დილბარიანი (მხატვარი, აწ გარდაცვლილი) და მე. ღვინო გაგვითავდა. ცარიელი ბოთლები ნიაზის "თაოსნობით" ჭადრაკის მაგიდის ქვეშ შევმალეთ. არადა, ერთი საათიც არ არის დარჩენილი ახალი წლის დადგომამდე. უცებ კარი გაიღო და ავთოს მამა ვასილ ვარაზი შემობრძანდა, მოგვესალმა, თვალი ჭადრაკის მაგიდას შეავლო, რომელზეც ფიგურები განვალაგეთ და უხმოდ გავიდა. მალე ისევ დაბრუნდა, ფიგურებს შორის არყით სავსე ბოთლი ჩაგვიდგა, რატომღაც რუსულად დააყოლა: "შახ ი მატ"_ოო და გაბრძანდა.
ერთხელ, გვიან ღამით მე და ნიაზმა კეცხოველის ქუჩაზე ამოვყავით თავი. საჯარო ბიბლიოთეკის მთავარ შესასვლელთან, აივნის მოაჯირზე მარქსის ბიუსტი იდგა. (დღეს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, სულ ახლო წარსულამდე, მოგეხსენებათ, მარქსის სახელობისა იყო.) მოაზროვნის შავად შეღებილი და ამასთან უკისერო, ჭუჭყიანი თავი თითქმის წვერებით ებჯინებოდა კიბის მოაჯირს, პროფესიული ინტერესის გამო (მინდოდა მენახა დამაგრებული იყო თუ არა, ან მასიური ჩამოსხმა გახლდათ თუ ფუტურო) კიბეზე ავედი, ოდნავ ავწიე, ცემენტით ნაკეთები მენიშნა, არც მასიური ჩამოსხმა ყოფილა, უკან მოვიხედე და ვხედავ, ნიაზიც ამოსულა აივანზე. რისი გეშინია ბიჭოო, მითხრა, და მარქსის თავს ხელი არა კრა?! თავმა ტროტუარზე ლაწანი მოიღო და დაიფშვნა. მე და ნიაზმა სხვადასხვა მხარეს ავუჩქარეთ ფეხს. მეორე დილით განგებ გავიარე ბიბლიოთეკის წინ. ნამსხვრევები პირწმინდად აეხვეტათ. ტროტუარზე კვალიც აღარ იყო დარჩენილი. მაშინ ასეთ რამეს ვინ გაპატიებდა: ციმბირს უკან მოგატოვებინებდნენ. რამდენიმე წლის შემდეგღა შეძლო ნიაზმა ამ ფაქტის იუმორში ასახვა: ოპერის წინ იდგა, პეწიანი, ელეგანტურად ჩაცმული. ასეთებს იმ წლებში "სტილიაგები" შეარქვეს. მახსოვს მათ წინააღმდეგ ერთგვარი კომპანიაც კი გაჩაღდა. ამაზე ცოტა ქვემოთ...
ჰო, ოპერის წინ იდგა მეთქი. დამინახა. აკაკისკენ გაიშვირა ხელი, _ აკაკია ნიაზ. _ ვუთხარი მე. შემომხედა, მგოსნისკენ გაშვერილი ხელი შუბლზე იტკიცა და ნაღვლიანი, ჩვეული კილოთი წარმოსთქვა, უჰ, ენგელსი მეგონაო...
ზემოთ "სტილიაგებზე" ჩამოვარდა სიტყვა. იმ დროისათვის ნიაზი თბილისში ნომერ პირველი "სტილიაგა" გახლდათ. თავისი ხელით შეკერილს იცვამდა შარვალსაც, ხალათსაც, ქურთუკსაც, ფეხსაცმელსაც. ტანისამოსზე საკუთარი ხელითვე დამზადებული ბზის ღილები ებნია... (გურამ რჩეულიშვილს ნიაზის მიერ შეკერილი "შტურმოვკა" ეცვა მთაში სასიარულოდ).
უჩვეულოდ გრძელი, ლამაზი ფეხები ჰქონდა, ტანიც ხელს უწყობდა, ბნრიოლინით დაყენებული სწორი თმა ამშვენებდა. მუდამ სუფთად, აკურატულად დაიარებოდა. ყურადღებიანი იყო საკუთარი პეწისადმი.
იმ წლებში, თბილისში, როგორც მთელს მაშინდელ იმპერიაში, ერთი ლოზუნგი გავრცელდა, რომელიც ბერძენ კომუნისტს, მანოლის გლეზოსს შეეხებოდა. სადღა არ ეწერა ვეებერთელა ასოებით: "თავისუფლება მანონის გლეზოსს!" "ნიანგის" ერთ ნომერში ასეთი კარიკატურაც გაჩნდა, იგი ნიაზის მეგობარს გ.ფირცხალავას ეკუთვნის. ნიაზი თავის "ბუტილკა" შარვლით, დიდი "ბატინკებითა" და შავი სათვალითაა დახატული, ქვეშ კი წარწერაა: "თავი დაგვანებეთ მე და მანოლის გლეზოსს".
ნიაზის სიდედრი, მელიტას დედა მწერალთა კავშირში მუშაობდა. ნიაზი მასთან ხშირად მიდიოდა, დიდ პატივს სცემდა. მე მაშინ მწერალთა კავშირის შენობაში ვცხოვრობდი. ერთ_ერთ სხდომის დამთავრების შემდეგ დავინახე, რომ იგი ერთ ცნობილ კრიტიკოსს მიაცილებდა. უკვე ბნელოდა, არადა, გადათხრილია მთელს სიგრძეზე მაჩაბლის ქუჩა. კრიტიკოსი ალბინოსი გახლდათ, და გვიან ღამით ასეთი გზის გავლა, რაღა თქმა უნდა, მარტოს გაუჭირდებოდა. მივხვდი, ნიაზს ეთავებინა მისი გაცილება. დროდადრო ეტყოდა: ფრთხილად, თხრილიო, და კრიტიკოსიც ნიაზის რჩევით თხრილს ახტებოდა. ვიფიქრე, შევეშველები, მარტო გაუჭირდება და გაუსწორდნენ თუ არა ბერიას სახლს, მივაძახე _ მეც მოვდივარ_მეთქი. მანაც, ბუნებრივია, ყურადღება მე მომაქცია, კრიტიკოსს გადახტომა ნაადრევად ურჩია და ნიაზის ალბინოსი თანამგზავრიც ელექტრობოძს შეასკდა.
მახსოვს, რიუსთაველის თეატრმა ფიროსმანი დადგა. ნიკალას როლს ბატონი სერგო ზაქარიაძე ასრულებდა. მენიშნა, და დღესაც ნათლად მიდგას თვალწინ: ბ-ნ სერგო ფიროსმანს ნიაზის მეტყველების ტემპით, დიქციითა და მანერებით ანსახიერებდა. სცენაზე ნიაზი იდგა. ეს ამბავი მეორე დღესვე ვუთხარი, ხელი ჩაიქნია. ამ ხელის ჩაქნევაზე კიდევ ერთი რამ მახსენდება: მაშინდელ ოფიცერთა სახლთან არსებულ კლუბში პოლიტექნიკური ინსტიტუტის ორკესტრი კონცერტს ატარებდა. იმ დღეს იქ ხსენებულმა ორკესტრმა ნიაზხის ლექსზე დაწერილი სიმღერა შეასრულა, რომელსაც დიდი ოვაცია ხვდა წილად. ეს ფაქტიც რაღათქმა უნდა ვაცნობე ნიაზს და როგორც ზემოთ ვთქვი, ამაზედაც ხელი ჩაიქნია.
საკმარისი იყო რუსთაველზე ნიაზის გამოჩენა, რომ მის ირგვლივ უმალვე ხალხი იყრიდა თავს, ასეთი თავშეყრები იმდროინდელ თბილისის მილიციის უფროსს, რუსულად გაზრდილსა და ყველაფერში წესრიგის მაძიებელ ძლიერიშვილს, რა თქმა უნდა, ხელს არ აძლევდა და ეს ამბავი თავიდან რომ აეცილებინა, ამგვარ ხერხს მიმართა: ნიაზი თავის რეფერენტად დანიშნა. ქართული კარგად არ იცოდა და ჩვენს ენაზე საჭირო საბუთებს ნიაზი უთარგმნიდა თუ უწერდა. დღეის დღესავით მახსოვს: მაშინ ფეხბურთის ბილეთების შოვნა ძალზე ჭირდა, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები ბილეთებს ხატავდნენ კიდეც. მე არ დამიხატავს, მაგრამ შემიძენია ასეთი ბილეთი და მერე, თვითონაც მხატვარს, დამიჯერებთ? _ ნამდვილი ბილეთისაგან ვერც გამირჩევია. რამდენი მიწვალია სტადიონზე რომ მოვხვედრილიყავი, ნიაზისთვის კი ეს [პრობლემა არ გახლდათ _ ძლიერიშვილის ავტომანქანით დაბრძანდებოდა.
თავის დროზე ნიაზი ნიკო კანდელაკის სახელოსნოში დადიოდა. იქ იწაფებოფდა მხატვრობაში, ძერწავდა. აკადემიაშიც ესწრებოდა კლექციებს მამამისის სულეიმანის თხოვნით. სწორედ იქ მოხდა კურიოზი ნიკო კანდელაკის მოწაფის, შოთა მიქაუტაძესა და ნიაზს შორის. ბატონი შოთა ფიცხი კაცი გახლდათ. კაი ბიჭი იყო და მის ლექციაზე ვინმეს კარები შემოეღო. ერთხელ ნიაზი აკადემიაში თავის განუყრელი დოგით მოვიდა. ბ-ნი შოთას ლექცია გვქონდა, ნიაზი ვგონებ ვიღაცას ეძებდა. კარი შემოაღო. ვინა ხარ! ახლავე გაიხურეო! _ გაცხარდა ბატონი შოთა. ნიაზმა უმალ გაიკეტა კარი. რამდენიმე ხნის შემდეგ კვლავ განმეორდა იგივე: კარებში თვითონ ნიაზი არ ჩანდა, შოთა მიქაუტაძე ოთახის სიღრმეში იდგა და იგი მხოლოდ გაღებულ კარებს ხედავდა, შემომსვლელს კი ვერა. "_ კარი გაიხურეთ ახლავე!" ლამის იყვირა ბატონმა შოთამ.
მაგრამ კარი ისევ გაიღო: "ვინ არის ეს ძაღლიშვილი?!" გაწიწმატდა ჩვენი მასწავლებელი და კარისაკენ გაემართა. ვიდრე კართან მივიდოდა, ნიაზის დოგმა არ შემოყო თავი? ენა ვერ აწერს რა მოხდა მაშინ, გულწასული ბატონი შოთა ძლივს მოვაბრუნეთ.
მახსოვს ენაკვიმატობის გამო ვიღაცამ ხელი შემოარტყა ნიაზს რუსთაველის გამზირზე. ნიაზი წაიქცა. თავდამსმელი ელოდებოდა როდის ადგებოდა, ეტყობოდა მუშტები ექავებოდა. წაქცეულმა ქვემოდან ამოხედა მუტრუკს, მერე ასფალტზე თავის გვერდით მიუთითა და მხოლოდ მისთვის გასაგონად თქვა: "დაჯექი, ვილაპარაკოთო". ნირწამხდარი მოჩხუბარი შეცბა. აშკარა იყო, მორალურად თვითონ აღმოჩნდა წაქცეული და იქაურობას გაშორდა.
აეროპორტის სალაროები რომ ააშენეს რუსთაველზე, ნიაზიმ მითხრა: "ეს ბრონენოსეც პოტიომკინი" საიდანღა მოათრიესო?
გამუდმებული სმისგან ნერვებაწეწილმა ნიაზმა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ამოჰყო თავი, სადაც "ოტელო" დადგა. თვითონ არ ვიცი, რას თამაშობდა, მაგრამ გიჟებს რომ როლები დაუნაწილა, ეს ნაღდია. რომ გამოეწერა, საავადმყოფოში ამბოხი მოხდა: დაგვიბრუნეთ ჩვენი ნიაზიო!.. ნიაზი თავის მხრივ ირწმუნებოდა: "ეგენი გიჟები არ არიან, რომ დრო მქონდეს, ყველას მოვარჩენდიო".


გია ლეჟავა

გამთენიისას ვნახე, ორი თვით ადრე გარდაცვალებიდან. ყაყაჩოები შემოდიოდა, გაზაფხულის სუნი იდგა მთელს ვერის უბანში. ასეთ დროს სახლში ვერ ვჩერდებოდი, სულ გარეთ მინდოდა ყოფნა. გვიან საღამოს დავემშვიდობე შოთა ჩანტლაძეს და ავთო ვარაზს. ისინი სახლებში წავიდნენ. მე ქუჩაში დავრჩი. მთელი ღამე ვიწრიალე უბანში, შინ არ შევსულვარ... უკვე თენდებოდა. ქუჩის ძაღლებმა სუნსულს უმატეს. ვინატრე: ნაცნობი მაინც გამოჩნდეს_მეთქი. შოთას უყვარდა ადრიანად გამოსვლა, ავთოსაც. ვხედავ, ნიაზი ეშვება ბელინსკის ქუჩიდან, არც ველოდი, დამინახა. გახარებულმა ხელები გაშალა: "ვა, როგორ გამახარე, უნდა დავურტყათ, ირაკლი "ტრეტი" უკვე მოსული იქნებაო და ვერის ბაზრისკენ წავედით. გამთენიისას, ვერის ბაზრის უკანა მხარეს ხშირად მოდიოდა ირაკლი "ტრეტი". ჭაჭას ჰყიდდა. ბიჭებს უთენია, მაღაზიების გაღებამდე ის უმასპინძლდებოდა. თავისებურად კეთილი იყო ირაკლი "ტრეტი". მომპასებსაც წამოიმძღვარებდა ხოლმე დასაყოლებლად. კანფეტს ისე, უფასოდ გვაძლევდა, თუმცა არაყიც ბევრჯერ დაგვილევია მისგან მუქთად. ფული არც მე მქონდა არც ნიაზს. ცოტა ხანს ვიყურყუტეთ და ირაკლიც გამოჩნდა. დავლიეთ. მერე ნიაზმა მითხრა: მოდი, ავთო გავაღვიძოთო და პეროვის (პეროვსკაიას) ქუჩაზე გავედით. შევძახეთ მეც, ნიაზმაც. მაგრამ ავთო არ გამოგვპასუხებია. ვუთხარი: მე ვიცი როგორ გავაღვიძოთ_მეთქი, და ამერიკულ კინოფილმ "ლილიდან" მელოდია დავსტვინე. ავთოს ძალიან უყვარდა ეს მელოდია. გაიღვიძა. ჩამოდი_მეთქი, ვთხოვეთ. რას კისრულობთო_გვკითხა. ჩამოდი, არ გაწყენინებთო, უთხრა ნიაზმა. ჩამოვიდა. მივბრუნდით ირაკლი "ტრეტისთან". დიდი მხატვარი მოგიყვანე, დაპატიჟე, მალე ჰონორარს ავიღებ და ერთი_ათად გადაგიხდიო _ უთხრა ირაკლის.
რაც შენთვის არ დამნანებია, არც მაგისთვის დამენანებაო _ უპასუხა ირაკლიმ და ავთოს ორი ჭიქა ახუხა.
წამოვედით. ავთოს ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა. "სამაიას" ლუდხანამდე მივედით. ავთომ იქიდან თავის ქუჩას გახედა, უკვე კარგა გათენებულიყო. აი, ნახეთო, წამოიწყო: იცით, როგორ მიყვარს პეროვის ქუჩა, ჯერ ერთი, რომ ჩემი ქუჩაა, და მეორეც იმიტომ, რომ უტრილოს ნახატს ჰგავსო. მორის უტრილო _ ფრანგი მხატვარი გაიხსენა. გმადლობთო, გვითხრა, მოგვიბოდიშა: ახლა დაგტოვებთ, ბიჭებო, ავუსწრებ სახლში სანამ დილაა, ჩემი ქუჩის დახატვა მინდა ამ შუქზეო და გაგვშორდა.
ნიაზმა მთხოვა, წამომყევი ერთ ადგილას, დედაჩემი მომენატრაო. ვიცოდი მშობლები აღარ ჰყავდა. მივხვდი, ვაკის სასაფლაოზე მიუწევდა გული. ფეხით ვიარეთ. იქვე, გზად ყაყაჩოები დავკრიფე. საფლავზე დავაწყე. გარინდებული იდგა ნიაზი. ხმა არ ამოუღიოა. რომ იტყვიან, დანა არ უხსნიდა პირს. ამასობაში დღეც წამოვიდა და უკან გამოვბრუნდით. ჩუმად იარა. არც მე გამიცია ხმა. მივაღწიეთ ვერის (მაშინდელ კიროვის) პარკამდე. ახლა ეკლესიაში შემომყევიო ისევ მთხოვა. ეკლესია უკვე გაეღოთ, ხურდა ფული კი გვქონდა. თითო სანთელი ავანთეთ. მითხრა: ხატებს შევხედავ, შენ აქ დამელოდე და სულ მალე გამოვალო. შევიდა ეკლესიის სიღრმეში. კარგა ხანს ველოდე. შემდეგ მეც შევედი. მარჯვენა სვეტთან, ღვთისმშობლის ხატქვეშ მუხლებზე იდგა ნიაზი და აცრემლებული ბუტბუტებდა: დედავ და მამავ, სულ მალე მოვალ თქვენთანო, ეს გავიგონე და გამოვბრუნდი. მუდამ მომღიმარი და იუმორით სავსე კაცი პირველად ვნახე ატირებული. მერე მივხვდი: ის ხშირად ტიროდა, რადგან ხშირად რჩებოდა მარტო. ასე მენიშნა. ეკლესიის სიღრმიდან მალევე გამოვიდა, ნამტირალევი თვალები კი ჰქონდა, მაგრამ იღიმებოდა. ისევ იმ ნიაზად გარდაიქმნა. კვლავ ბაღში გავედით. იქ უკვე მოსულიყო ფარნა მერკვილაძე, გიტარით ხელში. ზოსიმეც და ერთი _ ორი პატარა ვერელი ბიჭი. აქ დავემშვიდობე და წამოვედი. ეს იყო ჩემი და ნიაზის უკანასკნელი შეხვედრა.



თემო ჩირგაძე
ნიაზ დიასამიძე 1934-44 წლებში გავიცანი. მე და ჩემი ტოლები ნიაზზე უმცროსები ვიყავით. ის კი უკვე მაშინ, პოპულარული იყო, ბუნებრივია, ჩვენთვის, შედარებით ყმაწვილებისათვის და დიდი ბედნიერება იყო მასთან დამეგობრება.
იმდროინდელ თბილისში ნიაზს ყველა იცნობდა და მასთან დაახლოებას ცდილობდა. გოგონები შეყვარებულები იყვნენ მასზე...
იმ წლებში თბილისში ცოტანი მღეროდნენ. ჩვენ, ნოდარ ნაკაშიძე (ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, პროფესორი, სამწუხაროდ ადრე გარდაიცვალა), თემურ ნაცვლიშვილი და მე ასე თუ ისე ვავსებდით ამ ნაკლს. ნიაზს მოსწონდა ჩვენი სიმღერები და ხუმრობით "ძმები იშხნელები" შეგვარქვა.
იგი ერთობ მუსიკალური პიროვნება გახლდათ. შესანიშნავად უკრავდა; თავისებური, ორიგინალური მანერა გააჩნდა; განსაკუთრებული ოსტატობით ხმარობდა მარჯვენა ხელის სამ თითს (არათითი და შუათითი დაზიანებული ჰქონდა), ასეთ სტილს როიალზე დაკვრისას მხოლოდ იგი ფლობდა.
იმ ხანებში თბილისის კინოთეატრების ეკრანებზე ამერიკული ფილმი "მზიური ველის სერენადა" გადიოდა. ჩვენ მაშინ პირველად მოვისმინეთ ოკეანისგაღმური კლასიკური მუსიკა. ყველანი აღფრთოვანებულები ვიყავით. მახსოვს, კინოფილმის ნახვიდან მეორე თუ მესამე დღეს ნიაზს ვესტუმრეთ და ისევ აღფრთოვანებულები დავრჩით: ახლა უკვე მან და მისმა მეგობარმა, ალეკო გიორგაძემ (ცნობილი ქართველი მოქანდაკე) ხსენებული ფილმის თითქმის ყველა მელოდია უშეცდომოდ მოგვასმენინეს.
ძალიან კარგად ასრულებდა ნიაზი ერთ ქართულ ქალაქურ მელოდიას, ეს მელოდია მე ახლაც მახსოვს მისებურად, ორიგინალურად აჟღერებული.
ჩაცმა ლამაზად უყვარდა. საშინლად გვიჭირდა ომისა და ომის შემდგომ წლებში, სად იყო კოსტუმი ან ფეხსაცმელი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ნიაზი მუდამ პეწიანად გამოიყურებოდა. შარვალს თვითონ იკერავდა. ჩვენებური საბჭოთა ფეხსაცმლისაგან, რაღაც განსხვავებულსა და განუმეორებელს გამოიყვანდა.
მახსოვს, რუსეთიდან დავბრუნდი, სადაც სამხედრო ექიმად ვმუშაობდი. ჩავიცვი სამოქალაქო ტანსაცმელი და რუსთაველზე გამოვედი. გრიბოედოვის ქუჩის დასაწყიოსტან ნიაზი შემხვდა _ ერთი წელი არ მენახა. შემხედა თუ არა, იყვირა _ "ეს რა შარვალი გაცვია, ვაიმე, დავიღუპეთო!" მომკიდა ხელი, წამიყვანა სახლში და თავის პატარა ოთახში ნახევარ საათში დამივიწროვა შარვლის ტოტები. ჩემთვის ყოველთვის ზეიმი იყო მასთან შეხვედრა. მახსოვს, კიკეთში ვისვენებდი ოჯახთან ერთად, ხშირად ამოდიოდა და ჩვენთან რჩებოდა. ის დღეები ყველა ჩემიანისთვის დაუვიწყარია. ჩემს მშობლებსაც ძალიან უყვარდათ, იოლად ამყარებდა კონტაქტს უფროსებთან. როდესაც, მიზეზთა გამო, რამდენიმე წელიწადს საქართველოში ვერ ჩამოვდიოდი, ნიაზი თურმე ხშირად დადიოდა ჩვენსას, ჩემი ამბების გასაგებად და ახლობლების დასამშვიდებლად.
საოცრად თბილი და მოსიყვარულე იყო.
ბოლო წლებში იშვიათად ვხვდებოდიოთ ერთმანეთს. ავადმყოფობა მოეძალა და როდესაც ძალიან ცუდად ხდებოდა, თვითონ გაეცლებოდა ხოლმე მეგობრებს უკანასკნელად გედევანიშვილების ოჯახში შევხვდი. თამადად ავირჩიეთ და, მიუხედავად იმისა, რომ თავად მხოლოდ ლიმონათს სვამდა, საუცხოო დრო გაგვატარებინა.
ნიაზი იუმორით აღსავსე პიროვნება იყო. მისი ოხუნჯობანი და სხარტულები მყისვე ვრცელდებოდა ქალაქში, მაგრამ მის იუმორს მაშინდელი სიტუაციის ისეთი ბეჭედი დაჰკრავს, რომ დღეს შეიძლება ბევრისათვის გაუგებარიც იყოს, იმ დროისა და მომენტისათვის უაღრესად ზუსტი და ღიმილის მომგვრელი გახლდათ.
დღეს, როცა ნიაზს ვიგონებ, ჩემი ცხოვრების იმ მონაკვეთს ვავლებ თვალს, რომელიც მასთან ერთად გავატარე, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, თუ რა ბედნიერი ვიყავი ამ სიახლოვით. ძალიან ბევრს უწილადა სიამოვნება, აჩუქა ღიმილი და სიხარული. ჩემი თაობის და ჩემი წრისათვის ნიაზ დიასამიძე დიდი პიროვნება იყო; ჩვენ ყველამ მისი "უნივერსიტეტი" გავიარეთ. მადლობელი ვარ ჩემი ბედისა, მისი ახლობელი რომ ვიყავი. ვიცი, გულწრფელად ვუყვარდი და ისიც მარად დაუვიწყარი იქნება ჩემთვის.



გივი ჭელიძე

ჩემი სტუდენტობისდროინდელი ამბავია. მაშინდელი პლეხანოვის პროსპექტის ვიწრო ჩასახვევში ერთი ჩემი ნათესავი გოგონა ცხოვრობდა. ყველა თაობას ჰყავს თავისი საფიცარი მანანები, გულნარები და ხათუნები. ის ქალიშვილიც ომის შემდგომ თაობის უბრწყინვალესი ასულთაგანი იყო: ლამაზი, ზრდილი, ჩინებული ოჯახის შვილი... ერთი სიტყვით შესაშური სასძლო გახლდათ და ნახევარი თბილისის შეღერებულ ბიჭებს ქორივით ეჭირათ მასზე თვალი.
თაყვანისმცემელთა შორის ერთი საუცხოო ვერისუბნელი ჭაბუკიც ერია. თანატოლებს შორის ისიც აშკარად გამოირჩეოდა და პირველ ბიჭად ითვლებოდა. მართლაც მომხიბვლელი, მისაბაძი ვაჟკაცი იყო. არ ვიცი, მართალია თუ არა, რომ ინგლისელი ლორდები სერ ანტონი იდენივით იცვამდნენ და წვერ_ულვაშსაც იყენებდნენ, მაგრამ იმის ცოცხალი მოწმე კი გახლავარ, რომ თბილისელების ჩემმა თაობამ იმ ჭაბუკის მიბაძვით დაიწყო საყელოაწეული ლაბადის ტარება, ჰალსტუხსაც მისეული კვანძით ვისკვნიდით, ის კი არა, ზოგი სიარულშიც ბაძავდა... უკრავდა ისე, სხვა რომ ვერავინ უკრავდა თბილისში _ თავისებური იმპროვიზაციით მღეროდა, საკუთარი სტილითა და მანერით ძერწავდა, ხატავდა. საოცრად ნათელი გონება და მოსწრებული ენა ჰქონდა. მისი ნაკვესები მაშინვე მოედებოდა ხოლმე ქალაქს და ყოველი მათგანი იმდენად თავისთავადი იყო, ავტორის გამოცნობა არავის უჭირდა... ერთი სიტყვით, პირველი ბიჭი იყო ნიაზ დიასამიძე და პირვერლბიჭობდა კიდეც...
ფერი ფერსო და მადლი ღმერთსო, შესაფერისნი კი იყვნენ, მაგრამ გოგო იყო უკარება და არ გატყყდა, არ ინდომა. ბიჭი მაინც არ ყრიდა ფარ_ხმალს. ცდას არ აკლებდა.
დაბადების დღეს ყოველთვის მოკრძალებულად, მაგრამ მხიარულად აღნიშნავდა ის ქალიშვილი. მაშინაც ასე იყო _ ოცი წელი რომ შეუსრულდა. არც მეინახენი იყვნენ მრავლად, და არც ღვინის ღვარი ჩქეფდა, იყო სილაღე და... მოლოდინი. რადგან ყველამ იცოდა, რომ ის ბიჭი მოვიდოდა, მოვიდოდა და რამე მოულოდნელს ჩაიდენდა, რადგან ამხანაგებში დაიქადნა _ ისეთ სიურპრიზს გიმზადებთ, თქვენ სიცოცხლეში ვერ დაივიწყოთო. დაიქადნა და შეასრულა კიდეც:
ზარმა რომ დარეკა, გოგონამ ყველას დაასწრო მაგიდიდან წამოხტომა, კარი გაიღო და იქვე უხერხულად ჩადგა. მის წინ ჟღალწვერმოშვებული ღმერთკაცი იდგა და იღიმებოდა.
_ შეიძლება?
გოგონა სულ დაიბნა, აილეწა, დაიმორცხვა, მაგრამ ის კი მოახერხა, რომ კარები ფართოდ გაეღო: ჭერმა აიწია, დიდი სიკეთის ნათელი ჩადგა ვრცელ ოთახში. პოეტი მაგიდის კუთხეში აპირებდა ჩამოჯდომას _ სათამადო ადგილზე დააბრძანეს. ყველა ფეხზე ადგა, ის ერთი იჯდა და უკვე მერამდენედ ეხვერწებოდა დამხვდურთ _ დასხედით, ძამიკოებო, დასხედით და თავისუფლად განაგრძეთ, თორემ იცოდეთ, წავალო...
მაგრამ ვინ შეელეოდა ასე მალე სანუკველ სტუმარს! ერთადერთი სადღეგრძელოს სათქმელად შემოსულმა, საათზზე მეტ ხანს დაჰყო სუფრასთან, გაიხარა და სხვებიც გაახარა...


ანზორ სალუქვაძე

ნიაზ დიასამიძე _ იშვიათია ასე უხდებოდეს ადამიანს თავისი სახელი და გვარი! თუმცა, რაღა არ უხდებოდა _ ტანსაცმელი, მიხრა_მოხრა, სიარული თუ სიტყვა_პასუხი? განსაკუთრებით კი ღიმილი უხდებოდა _ იქნებ ოდნავ გამკილავი, იქნებ ეშმაკურიც, მაგრამ ყოვლად უბოროტო ღიმილი...
ნიაზ დიასამიძე _ იშვიათია ასე პოპულარული გამხდარიყოს კაცი, რომელიც არც დიდი მეცნიერი ყოფილა, არც დიდი პოეტი ან მწერალი, არც დიდი მომღერალი ან კომპოზიტორი, არც ყაჩაღი და ალკაპონეს მსგავსი ვინმე... [პირიქით, ერთი ჩვეულებრივი ადამიანთაგანი იყო, რომელიც ვერასგზით ვერ შეწყობოდა ცხოვრების საბჭოურ წესს და მის თუნდაც ერთ კანონს. აშკარად დედამიწის საპირისპირო მხარეს იყო დაბადებული. იქნებ იმიტომაც ეამაყებოდა ყველას _ ქალსა თუ კაცს ნიაზთან სიახლოვე. "ნიაზმა მითხრა", "ნიაზი შემხვდა", "ნმიაზთან ვიყავი"... ამას ისე ამბობდნენ, როგორც "აინშტაინმა მითხრა", "ჟერარ ფილიპს შევხვდი", "უელსის პრინცთან ვიყავიო", ან სხვა, დიდად სასიქადულო და თავგამოსაჩენ რასმე.
ნიაზს თავადაც ძლიერ უყვარდა საზოგადოებაში ყოფნა, კარგად უკრავდა როიალზე იმ დროინდელ ამერიკულ მელოდიებს. არც ნუნუას გაურბოდა, პირიქით _ ეძებდა და "ეძალებოდა" კიდეც...
მახსოვს, ერთხელ, თუ არ ვცდები, ათას ცხრაას ორმოცდაექვსი წლის შემოდგომაზე, როცა მე ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, "შატალოზე" ბელინსკის ქუჩით მიმავალი ქვემოთ ბვეშვებოდი. ჩემთვის სრულიად შეუფერებელი, კოჭებამდე ფართხუნა, ბიძაჩემის ნაჩუქარი ნაომარი მაზარა მეცვა. დიასამიძეების სახლს რომ გავუსწორდი, სტვენა შემომესმა. მივიხედე. მეორე სართულზე ნიაზს თავის განცალკევებული, პატარა ოთახი ჰქონდა, იმ ოთახის სარკმელი გამოეღო _ იქედან დამისტვინა... ამოდიო! _ მანიშნა. სადარბაზოს კარი მექანიკუირად იღებოდა, გამიღო... რომ ავედი, უბეში, მაზარის ქვეშ უშველებელიწიგნი ამომიდო _ უნდა მოვიპაროთო, ჩამჩურჩულა. წიგნი "ტექნიკურ სიტყვათა ლექსიკონი" აღმოჩნდა. მივხვდი _ ამ საძრახ საქმეში ჩემი "ჩათრევა" სწორედ ხსენებული მაზარის უეჭველი "დამსახურება" იყო. მაშინ ჩემი "წამწყმენდელი" სტუდენტი გახლდათ, ხოლო ომი _ ახალდამთავრებული და "ნუნუასთვის" ფულის შოვნა ნიაზისთანა კაცისთვის ჭირდა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მამამისს, ბატონ სულეიმანს სამაგიდო წიგნი მოვპარეთ, ბუკინისტთან მივიტანეთ და ექვს თუმნად გადაულოცეთ.
იმ ფულით, ვერაზე, ახლა რომ სასტუმრო "საქართველოა", იმის მოპირდაპირე მხარეს ღვინის სარდაფში ჩავედით და ზედ კასრზე, ჩვენებურად, თბილისურად მოვულხინეთ. ნიაზისა რა მოგახსენოთ, მაგრამ მე კი გვარიანად შევზარხოშდი. ეს სიამოვნება სამი თუმანი დაჯდა, დანარჩენი სამი კიდევ დაგვრჩა დასახარჯი.
_ მოდი, _ მითხრა ნიაზმა, _ რაკი შემატყო რომ მეტის დალევა აღარ შემეძლო _ ახლა წავიდეთ, გამოვიძინოთ, ასე დაახლოებით საღამოს ხუთი საათისთვის, გამომიარე და დანარჩენი მერე დავამღეროთო.
შევთანხმდით.
დათქმულ დროისთვის ღვინო მართლაც გამომინელდა. ვიფიქრე _ არ დავაგვიანო_მეთქი, _ სასწრაფოდ წამოვარდი საწოლიდან, ბელინსკის ქუჩით დავეშვი და დათქმულ დროზე ადრე გავჩნდი დიასამიძეების სახლთან.
ნიაზი სადარბაზოს საფეხურზე იჯდა, ნასვამი იყო, მივხვდი, ის სამი თუმანიც უჩემოდ დაემერებინა. რომ დამინახა, სახეზე სევდა აღებეჭდა.
_ დავიღუპეთო! _ მითხრა.
_ რატომ_მეთქი?! _ გავიკვირვე.
_ რატომ და კინაღამ გაგიჟდა სულეიმანი, იცი რა მითხრა? შენ და იმ შენმა ლაწირაკმა ქურდმა მეგობარმა ან ახლავე უკან მოიტანეთ ჩემი ლექსიკონი, ან დაჯექით და თავიდან შეადგინეთო.
ორთავეს გაგვეცინა.
აბა, ჩვენ რომელი ლექსიკონის შემდგენლები ვიყავით.


გალინა ანჯაფარიძე


როცა ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა, მაშინ, რომ იტყვიან, "ფორმაში" იყო. გაცქრიალებული დადიოდა, თეთრი პიჯაკით, კომიტეტის შენობაში ისე შემოდიოდა, როგორც ლონდონის დენდი; ათას თანამშრომელში ამოარჩევდით.
საოცარი შინაგანი კულტურა ჰქონდა. ამ კულტურას შეზარხოშებულიც კი ავლენდა. დახვეწილ ჩვევებს, თუნდაც ხელზე ამბორის ჟესტს არასოდეს ღალატობდა.
ტელევიზია ხალი დაარსებული გახლდათ და ჩვენც, ახალგაზრდა თანამშრომლებს, ერთობ თბილი ურთიერთდამოკიდებულებები გვქონდა: რომ ვთხოვდით _ გვიმღერეო _ არ მახსოვს უარი ეთქვას.
ერთხელ, აგვისტოს დამდეგს (იმ თვეს გარდაიცვალა კიდეც) მე და ჩემი ქალიშვილი ვერის ბაზარში შევედით, ხილის ყიდვა გვინდოდა. ვერის ბაზართან ლუიდხანა იყო. ვხედავ მის შორიახლოს ნასვამი ნიაზი დგას. გვერდის აქცევა დავაპირე. მაინც დამინახა. მოგვიახლოვდა. მომეფერა, მაკოცა. მერე პირველად ჩვენი ურთიერთობის მანძილზე, მკითხა: ფული ხომ არ გაქვსო. ხუთი და სამ მანეთიანი ამოვიღე საფულედან. გავუწოდე. სამი მანეთი აიღო და წავიდა.
მე და ჩემმა ქალიშვილმა ვივაჭრეთ. შემდეგ მოპირდაპირე მხარეს, სკოლასთან დაგავედით და შუქნიშანთან, გაჩერებაზე დავდექით.
ვხედავ, ბაზრიდან ჩვენსკენ ნიაზი მორბის. ქუჩა გეზად გადმოჭრა. ტროტუარზე მოძრაობა შეწყდა, ხალხი აჩოჩქოლდა. მე რომ მივეცი, იმ სამ მანეთად ვარდები ეყიდა, დეკორატიული კი არა, წითლად მოხასხასე, ცოცხალი ვარდები. მოირბინა და ეს ვარდები მომართვა. იმ დღის მერე აღარც მინახავს.


დავით მუსხელიშვილი


ნიაზ დიასამიძე და მე ომის შემდგომ, სტუდენტობის წლებში დავმეგობრდით, თუმცა მას გაცილებით ადრე ვიცნობდი; ვგონებ 1841 წლის ზაფხულში, წყნეთის პიონერთა ბანაკის ეზოში ვნახე პირველად იგი, მომღიმარი, წყნეთელი ბიჭებით და დამსვენებლებით გარშემორტყმული. როგორი ინტერესით უსმენდნენ?! მაშინ სულ რარაც 14-ოდე წლის ნიაზი უკვე ცნობილი ყმაწვილი გახლდათ, თავის თანატოლებში; იმთავითვე გამოირჩეოდა ქცევითაც (თამამი), სიტყვა_პასუხითაც (გონებამახვილი), იერითაც: ოდნავ შეშუპებული თვალები, დამცინავი, მაგრამ კეთილგანწყობილი იერით (გამოხედვით).
ჩვენ რომ დავმეგობრდით, მაშინ კიდევ უფრო პოპულარული პიოროვნება იყო ქალაქში. პირველყოვლისა კი თავის დარდიმანდული ცხოვრების წესისა გამო, რაც გამოიხატებოდა მაშინდელ თბილისში მრავლად, თითქმის ყოველ ნაბიჯზე არსებულ დუქნებსა და "ზაკუსოჩნიებში" ხშირი სტუმრობით. ჩვენობას ასეთი ცხოვრების წესი "პრესტიჟულად" ითვლებოდა და ფაქტიურად ეს გახდა ერთი უმთავრესი საფუძველთაგანი ჩვენი დაახლოება_დამეგობრებისა.
ნიაზი მახვილი, ხალასი გონებით დაჯილდოებული ადამიანი გახლდათ, ამას მისი უაღრესად ნიჭიერებაც ემატებოდა: წერდა, აქანდეაკებდა, ძერწავდა, ხატავდა, შესანიშნავად უკრავდა როიალზაე. თუმცა თვითნასწავლი პიანისტი იყო და დიდი საშემსრულებლო ტექნიკით არ გამოირჩეოდა, მაგრამ დაკვრის რაღაც განუმეორებელი, მისეული მანერა გააჩნდა.
ყოველივე ამასთან ერთად იგი სუფთა ზნეობის პიროვნება იყო, ერთობ მოსიყვარულე, ასეთად რჩება იგი ჩემს ხსოვნაში.


თემურ გოცაძე

როდესაც ნიაზი გავიცანი, მისი "კულტი" უკვე ზენიტში იყო. პირველი საშუალო სკოლა დავამთავრე და "გეოგრაფიული სიახლოვის" წყალობით, რუსთაველის პროსპექტზე გავიცანით ერთმანეთი. იმ წლებში თბილისში ტელეფონი ცოტას თუ ედგა, ასე რომ ჩვენი დამაკავშირებელი, ხსენებული გამზირი გახლდათ.
უმეტესად ლაღიძის წყლებთან ვიკრიბებოდით. ვინმეს ნახვას თუ მოისურვებდით რუსთაველზე გამოხვიდოდით და უსათუოდ შეხვდებოდით კიდეც.
იყო დაკა-დაკებიც. გოგოს გულისთვის ხშირად გვიჩხუბია. ასეთი "დუელები" მეტწილად დადიანის (ძველი ველიამინოვის) ქუჩაზე იმართებოდა. ძველბიჭობასაც თავისი პეწი გჰქონდა. ამ ბიჭების მარაქაში ჩაწერა ძნელი საქმე იყო თუ გამორჩეული თვისებებისა არ იყავი.
მაშინდელი "რუსთაველი" მკვეთრი კონტრასტულობითაც ხასიათდებოდა. აქ ბუბა კიკაბიძესაც ნახავდი და მის გვერდში ვინმე "პაკრიშკასაც"
ამ ფონზე ნიაზი ავტონომიურ პიროვნებად აღიქმებოდა.
სასტუმრო "თბილისის" მეორე სართულზე კაფე იყო. კაფეში მებუფეტედ არარატა მუშაობდა. კარგი ხაში იცოდა არარატამ. ჩვენი თაობა ზარხოშზე ამ კაფეში გამოდიოდა. ერთხელ, წინადღით ნაქეიფარს, ჟანრი ლოლაშვილი იმ კაფეში შემიძღვა და ჩემი თავი არარატას ჩააბარა. არარატამ მოხარშული კვერცხი შუაზე გაჭრა, ზედ 2-3 მილიმეტრის სისქეზე მდოგვი წაუსვა, მდოგვზე შავი პილპილი ბარაქიანად მოაყარა, ძმარიც მოასხა და 200 გრამ არაყთან ერთად მომართვა. დავლიე და შემოთავაზებული ნაბახუსევზე გამოსასვლელიც დავაყოლე. ამას "პოტოლსტოვსკის" ეძახდნენ. თურმე ა.ტოლსტოიც ასე გამოდიოდა პახმელიაზე.
იმ დღეს კიდევ დავლიე. საოცარი ის იყო, რომ არ მომეკიდა. ჟანრი ლოლაშვილმა ამიხსნა: "დილით რომ კვერცხი მოგართვა არარატამ, ეს იმის დამსახურებააო".
საღამო ხანს სამაიას ბაღთან მივედი. ჩვენი თაობა იქაც იკრიბებოდა. ბაღში ნიაზი დამხვდა. მეც ავდექი და დილით ნასწავლი ნასმურევზე გამოსასვლელი რეცეპტი შევთავაზე. მეორე დღეს ნიაზსაც მიუმართავს ამ რეცეპტისათვის. მესამე დღეს რომ შემხვდა, კინაღამ მომკლა: _ რა მასწავლე ბიჭო, ეს ამდენი არაყი რად გამაფუჭებინე, მე არაყს დასათრობად ვსვამ და არა იმისათვის, სულ ფხიზლად რომ ვიაროო...
60-იან წლებში თბილისში სამოღვაწეო ასპარეზზე უაღრესად ნიჭიერი თაობა გამოვიდა. მათ შორის ნიაზხ დიასამიძესაც ღირსეული ადგილი ეკუთვნის.
მუდამ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა სტანჯავდა. მისი უმთავრესი ნიშანი მარტოსულობა და სევდიანობა იყო. მეგობრები არ დაჰკლებია, და მაინც მარტო დარჩა ეს კაცი...
იგი კეთიკლგანწყობილი გახლდათ ყველას მიმართ, ვისაც სძულდა და ვისაც უყვარდა, მას ყველა უყვარდა.
1968 წელს ტელევიზიაში თითქმის ერთდროულად დავიწყეთ მუშაობა. შემდეგ ბათუმში აღმოვჩნდით ერთად. იქ, მაშინ "არაჩვეულებრივ გამოფენას" იღებდნენ. მე სცენის გასაფორმებლად ჩავედი. ნიაზი გადაცემის მოსამზადებლად იყო წასული. უკანასკნელად იქ ვნახე.

არქივი (დაიბეჭდა ჟურნალ თბილისელში 2002 წერლს)

ირაკლი ციციშვილი

_ ზოგნი ამბობენ, მათ ეზოში რომ ლიქიორის ქარხანა იყო, იქ ლიქიორს ეტანებოდაო. ტყუილია! ჯერ ერთი, ლიქიორს ნიაზს ვინ დაალევინებდა, მეორეც: ვერ იტანდა ვერც ლიქიორს და ვერც ღვინოს. მიზეზი სხვაა და ამ მიზეზს, ანუ იმ ამბავს მე შევესწარი. მაშინ ნიაზი 20 წლის ბიჭი იყო. მითხრა: _ წამომყევი ირაკლი, ქვემოთ, სალუდესთან (გამომცემლობა "კომუნისტის" გვერდით, გამომცემლობასა და "გემოს" შორის სალუდე იყო) და ყველაფერს გაიგებო. საღამოს შვიდი საათი იქნებოდა. ჩავყევი. არ გასულა 10 წუთი, სალუდესთან "ზიმ 101" გაჩერდა. ეს მანქანა მაშინ მთავრობას ეკუთვნოდა და თბილისში ერთი ან ორი თუ დასრიალებდა. ნიაზი მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. მე ვერ მივხვდი, რა საერთო ჰქონდა ამ მანქანას ნიაზთან და პირუკუ. მერე თვითონ მითხრა: _ იქ ქალებია, ირაკლი, კონიაკი, შოკოლადი. სწორედ იმ პიკანტურმა სიტუაციამ აურია გზა_კვალი. კვირაში სამჯერ საღამოს შვიდ საათზე გასული შინ ღამის ორ საათზე ბრუნდებოდა. ამოსახვევამდე მანქანას მოჰყავდა, მერე ფეხით ამოდიოდა.

თემურ ნაცვლიშვილი

_ მელიტას რომ გასცილდა, სმა მაშინ დაიწყო. მელიტა ძალიან უყვარდა, წარმოუდგენელი სილამაზის გოგო იყო.
მე და ნოდარ კუჭაიძემ მოვატაცებინეთ მელიტა უცხო ენების ინსტიტუტიდან. ჩავედით მცხეთაში, მმაჩის ბიუროში მოსამსახურე ქალს, ვინმე ნინას კინოში მივაგენით. ნინამ უარი გვითხრა: ხელს ვერ მოგაწერინებთ, ერთ _ ერთი თქვენგანი მცხეთელი უნდა იყოსო! ახლა ნიაზის დეიდასთან გავეშურეთ. იქ ნიაზის დედა კალერია მოვიდა და შეგვატყობინა _ გეძებენო. მე და ნოდარ კუჭაიძე ჩვენ ჩვენ სახლებში გავბრუნდით. გვიან ღამით ჩემს კარზე კაკუნი გაისმა. 1950 წელი, ომი ახალი დამთავრებული. არ იყო დენი და ლამფის შუქზე კითხვა მიჭირდა. ვიწექი. კარი გავაღე და ზღურბლზე მელიტას მამა ჰექტორი (მართლაც ჰექტორული აღნაგობის) დამიხვდა. ჰექტორს მისი მეზობლები ახლდნენ _ ვინმე ჩიქოვანი და ერთი ჩემი ნაცნობი მილიციელის ვაჟი _ მალხაზი.
ჰექტორი შემეხვეწა, ნუ დამღუპავ, მაპოვნინე ჩემი გოგოო. ისე მემუდარებოდა, რომ მცოდნოდა, აუცილებლად ვეტყოდი, მაგრამ არ ვიცოდი. მელიტას და ნიაზს დეიდამისის სახლი დაეტოვებინათ და თავიანთ ოჯახის მრეცხავ ქალთან მისულიყვნენ.
ახლო მეგობრები ვინ ხართო _ არ მეშვებოდა ჰექტორი.
ჩამოუთვალე: დათო მუსხელიშვილი და თემო ჩირგაძე.
მუსხელიშვილთან არ იქნებიან, ჩირგაძეებთან წავიდეთო! _ წავიდნენ ჩირგაძესთან.
გაგიჟებულა ჩირგაძე _ არაფერი სცოდნია: _ ჩვენთან არ არიანო!
მე და ნოდარ კუჭაიძე იმ ღამით მილიციაში მიგვაბრძანეს. დილამდე იქ გვაყურყუტეს. დილით გარეთ გამოგვყარეს. ჩვენს აუყევით ბელინსკის ქუჩას და რას ვხედავთ_იქ უკვე ქორწილია! მე, თემო ჩირგაძე და ნოდარ ნაკაშიძე კარგად ვმღეროდით. ნოდარ ნაკაშიძისთანა მესამე ხმა აღარსად მსმენია. ჩემი სიმღერაა "ქარი გიმღერის ნანასა" და ნოდარ ნაკაშიძე იქ ბანს აძლევს. ისეთი ბანი იშვიათია. მოკლედ, ჩვენმა სამეულმა ექსპრომტად სიმღერა შევთხზით და ქორწილში ვიმღერეთ. იმ ექსპრომტის მხოლოდ ფრაგმენტი მახსოვს:
. . . თავს იკლავდა ჩვენი ბიჭი ნიაზი,
დაიხია მან "საროჩკა" ბიაზის. . .
დედამისის, კალერიას კუბოსთან, დამწუხრებულმა მისმა უახლოესმა მეგობარმა ალიკა გიორგაძემ კი ჩასჩურჩულა _ შენ აღარ უნდა დალიოო, მაგრამ. . .


***

_ ყველა თავისებურად იხსენებს მას და ყველას თავისი ვერსია აქვს კაცზე, რომელიც უაღრესად კომუნიკაბელური და ენამოსწრებული ყოფილა. ტელევიზიის ძველ თანამშრომლებს ეხსომებათ: მაუწყებლობის შიგა ნაწილის სხვენზე არსებულ ქონგურებს, რომელიც ევროპულ საარქიტექტორო სკოლას მოგვაგონებს, ტელევიზიის მაშინდელ ხელმძღვანელის _ გარდაფხაძის კარდიოგრამა უწოდა.
_ "რა რჯულის ხალხი არ შემოდიოდა მამაჩემის პანაშვიდზე, _ მიყვება მისი ვაჟი თემური. _ მეტწილად, ხელოსნები: ქურთები, აისორები, ცხარედ ტიროდნენ და ორიოდ წლის შემდეგ სახლში პატარა რემონტი რომ წამოვიწყე, ერთმა ხელოსანმა, ვინმე იოსკამ კედლები უფასოდ შემიღება _ "ნიაზის ხათრითო" "
ნიაზ დიასამიძის შესახებ შეგროვილი მასალის პარალელურად დამიგროვდა საინტერესო ეპიზოდები ჩვენი თანამედროვე გამოჩენილი ხალხისა. ესენი არიან: ჯუმბერ ძიძავა, ჯუმბერ ტიკარაძე, ამირან ასანიძე, ჯემალ აჯიაშვილი და მედიკო კუჭუხიძე.
დაგროვილ მასალას ცალკე, კურიოზებად ვაქვეყნებ ინტერნეტში, ხოლო ნიაზის შესახებ არსებულთ, რომელნიც წიგნში არ შემიტანია და სხვადასხვა ჟურნალ _ გაზეთებში დავბეჭდე, ახლა შემაქვს მის სრულ გვერდზე...
ნოდარ შანიძე

***

ოჯახის წევრი იხსენებს:
_ ერთი ავი მეზობელი გვყავდა, ჩვენს ქვევით ცხოვრობდა. ნიაზი გვიან რომ დაბრუნდებოდა სახლში, დაწოლის წინ ფეხსაცმელს ძლიერად დაჰკრავდა იატაკს, ქვევით რომ ხმა ჩასულიყო. გავიდოდა ერთი ნახევარი საათი და მეორე ფეხსაცმელსაც მიაყოლებდა. მხოლოდ ამის მერე იძინებდა გაწვალებული მეზობელი.
ერთხელ, ჩვეულებრივ, გვიან დაბრუნდა ნიაზი. ფეხსაცმელი იატაკზე დაახეთქა და მალე ჩაეძინა. გამთენია იქნებოდა, მეზობლის განწირული ხმა რომ გაიგონა ქვემოდან: _ ნიაზ! მეორე ფეხსაცმელიც დაარტყი, მალე, ბიჭო! მოვკვდი კაცი ლოდინით. . .
***
მიიღეს რა დადგენილება წვრილმანი ხულიგნობის შესახებ, პირველი თბილისში ნიაზი დაიჭირეს, გაასამართლეს და 15 დღით პატიმრობა მიუსაჯეს.
ნიაზმა სიტყვა ითხოვა:
_ ამხანაგებო! თუ მასახლებთ, ციმბირში არ გადამასახლოთ, შუა აზია მირჩევნიაო.


***
გიგი კეშელავას ნაამბობი

ნიაზი ენგურჰესზე გადაასახლეს. სოფელ ჯვარზენში იქაურ დადიანს დაუმეგობრდა. იქვეა დადიანის სამოსახლოც და წყაროც. ცემენტის ქარხანა შენდებოდა, საბაგიროც, ქალაქი შენდებოდა. ნიაზი სულ ოხუნჯობდა და მშენებლები ან აგვიანებდნენ, ან საერთოდ არ მიდიოდნენ სამსახურში. და ნიაზის თბილისელი მეგობარი, მშენებლობის უფროსი ჩუბინიძე ძალიან ბრაზობდა.
მშენებარე ქალაქი დადიანის სამოსახლოს მიუახლოვდა. ნიაზმა დადიანს ჯერ კაკლის ხე გააყიდვინა, მერე _ მიწის ნაკვეთი, და სანამ დადიანი გალოკილი თითივით დარჩებოდა და ბინას მრავალსართულიან შენობის რომელიმე სართულზე მისცემდნენ, ნიაზი თბილისში ღიღინ - ღიღინით დაბრუნდა:
"დადიანო! დადიანო! შენს ეზოში ბულდოზერები დადიანო."


***
თბილისში ტყუპი გოგო დადიოდა. ისეთი მსგავსება იშვიათია. ისინი არათუ ჰგავდნენ ერთმანეთს, განგებ ერთნაირად იცვამდნენ, ერთნაირ მაკიაჟს იკეთებდნენ. ერთხელ თურმე ნიაზი მათ განგებ დაეჯახა და რაც იმ მცირე ხანში მოახერხა, მსგავსება შეძლებისდაგვარად წაშალა. წაშალა ხელოვნური ნიშნები და გოგოები აიძულა შინ გაბრუნებულიყვნენ, რათა იდეალური მსგავსება აღედგინათ.



***
ცოლის შერთვამდე ნიაზს ერთი გოგო მოსწონდა, ის კი არა, უყვარდა კიდეც. მაგრამ ის გოგო სხვას გაჰყვა ცოლად.. გოგოს ოჯახში ქორწილია, სადაცაა, სტუმრები სუფრას მიუსხდებიან. ეს ამბავი მესამე სართულზე ხდება.
კარზე ზარი ირეკება. დარბაზში ნიაზი შედის, ხელში ვარდების უზარმაზარი თაიგული უკავია, სევდიანია, თვალები ცრემლით აქვს სავსე. უახლოვდება ნეფე _ დედოფალს, თაიგულს აწვდის, ულოცავს. მერე ოხვრას გულს ამოატანს:
_ ეჰ, აღარ ღირს ჩემი სიცოცხლე!..
სწრაფი ნაბიჯით აივანზე გადის, მოაჯირს გადაევლება და უჩინარდება.
პატარძალი გონს ჰკარგავს, მექორწილეები მოაჯირს მიცვივდებიან, ქვემოთ გადაიხედავენ და...
ნიაზი ამწეს მრგვალ მოედანზე დგას (ქალაქში ლამპიონების მოსამსახურე ავტომანქანა იყო), ზევით იყურება, ღიმილით უქნევს ხელს შეშფოთებულ მექორწილეებს და ნარნარად ეშვება მიწისაკენ.



სულიკო ჟღენტის ნაამბობი

_ ერთხელ, ძალიან ადრე, ახალგაზრდობისას, ნიაზს ბათუმში შევხვდი, სასტუმრო "ინტურისტის" წინ, ბულვარში. "წმინდად დაჭრილი" აჭარული თუთუნი შემომთავაზა, მითხრა: მოდი მოვწიოთ, ჰუსეინ ბიძიამ მომცაო.
თან მახლდა ჩემი მეგობარი ჯემალ ბურჭულაძე.
ჩამოვსხედით.
ნიაზს დიპლომი ახალი აღებული ჰქონდა. გამანდო: აჭარაში მინდა დავიწყო სამსახურიო.
_ ნიაზ, რომელ ქვეყნებში ხარ ნამყოფი? _ ჰკითხა რატომღაც ჯემალ ბურჭულაძემ.
_ არც ერთში. არ მიშვებენ საზღვარგარეთ, ეშინიათ, დარჩებაო. შტერები არიან ვირიშვილები. სად უნდა დავრჩე, განა სხვა ბათუმი ან თბილისი არის კიდევ სადმე?!




არის კაცი მოკვდება და არ მიწდება,
გადის დრო და არავის არ ავიწყდება,
ხან ვიცინი, ხან თვალები მეცრემლება,
ნამთვრალევი ნიაზი რომ მახსენდება,
მოკვდა კაცი, ხალხმა ცრემლით დაიტირა,
სიკვდილმა კი, სასიკვდილემ, გაიღიმა.



ეს ლექსი ნიაზის გარდაცვალებიდან რამოდენიმე წლის შემდეგ იპოვნეს მისმა ახლობლებმა ფოსტის ყუთში.

ეს ლექსი კი ნიაზის დებმა გია ფერაძისგან მიიღეს, როცა იგი სასჯელს ქალაქ შუშაში იხდიდა.
ნიაზ დიასამიძეს
(გუგულის და ტუსას)

მთვრალია თუ "პახმელია",
ქუჩა_ქუჩა ივლის ის,
უფლება აქვს, რადგან იგი
პირმშო გახლავთ თბილისის!
აღარ არის, მაგრამ სული
ჩვენში ივლის, ივლის ის,
აღიარეს შაყირების
პრეზიდენტად თბილისის!
ღამით, დღისით, შუადღისას,
ბახუსის ქვეშ ივლის ის,
უფლება აქვს, მას ტკივილი
ზურგზე აწევს თბილისის!
ფხიზელიც რომ ყოფილიყო,
მაინც მთვრალი ივლის ის.
გაუმარჯოს, სადაც არის,
ნიაზს, ზღაპარს თბილისის!
ღმერთო, ღმერთო! მისი სული
სად დაფრინავს, ვინ იცის!
ალბათ სადმე წყნარ დუქანში,
ძველ უბანში თბილისის!
წავიდა და ყველას გვჯერა,
სამოთხეშიც ივლის ის,
საფლავზე კი ბოთლი დევს და
ერთი ჭიქა ღვინისთვის.
აწიე და შენდობა თქვი,
ჩვენი შვილის თბილისის,
მის ჯამს წვეთს რომ მიუმატებ,
იქ ამაყად ივლის ის!
გია ფერაძე
1987 წელი. "კრიტი", ქ. შუშა.




ნიაზ დიასამიძის
ეპიტაფია
შხამიანი გველის გამოცნობა ვიცოდი,
შხამიანი კაცის გამოცნობა _ არა!
გამოვწურე სხეულს სულის ძელგი ღვინო,
და თბილისის მიწას ჩავაბარე ტარა.

ტარიელ ჭანტურია